ჭკვიანი ქალაქის კონცეფცია გულისხმობს ქალაქის აქტივების მონიტორინგსა და პროცესების ეფექტიან მართვას ციფრული ინსტრუმენტების მეშვეობით, რაც მიიღწევა თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ნივთების ინტერნეტის (IoT) ინტეგრაციის შედეგად.

ჭკვიანი ქალაქის მთავარი დანიშნულება მისი მაცხოვრებლებისა თუ ვიზიტორების უკეთ მომსახურება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სენსორული მოწყობილობები, მათი ქსელები და სპეციალური პროგრამული აპლიკაციები, რომელთა მეშვეობითაც ქალაქის მმართველობა ახერხებს რეალურ დროში აკონტროლოს და მართოს ისეთი საქალაქო სისტემები როგორებიცაა: გარე განათება, ელექტრომომარაგების ქსელები, წყალმომარაგების სისტემები, ნარჩენების გატანის სერვისი, პარკინგი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გარემოს დაბინძურების ხარისხი და ა.შ.

ქალაქების მოსახლეობა მსოფლიო მასშტაბით სწრაფი ტემპით იზრდება და მასთან ერთად მატულობს და სულ უფრო რთულდება ის გამოწვევები, რაც თანამედროვე ქალაქების მართვას ახლავს თან. ერთმანეთთან დაკავშირებული, ჭკვიანი სერვისების განვითარება ეფექტური პასუხია ამ გამოწვევებზე და მომავლის ქალაქ 2.0-ად ჩამოყალიბების გზა ერთმნიშვნელოვნად მის „დაჭკვიანებაზე“ გადის.

ნექსი ტექი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს საქართველოს წამყვანი ქალაქების ციფრულ ტრანსფორმაციას და მიეხმაროს მათ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტებით, პროგრამული სისტემებითა და სერვისებით.

მსოფლიოს ლიდერ მწარმოებლებთან პარტნიორობით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი დამკვეთებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ როგორც თანამედროვე ტექნოლოგიები, ასევე გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა, რათა უზრუნველვყოთ ჭკვიანი სისტემების წარმატებული დანერგვის და მაქსიმალური საოპერაციო ეფექტიანობა.

ქვემოთ მოყვანილია ჭკვიანი ქალაქების აქტივში არსებული ზოგიერთი პოპულარული სისტემების აღწერა, თუმცა ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფართო შესაძლებლობებისა, რასაც ნექსი ტექი სთავაზობს თავის დამკვეთებს.

ჭკვიანი გარე განათება

აღნიშნული გადაწყვეტა წარმოადგენს განათების თანამედროვე ტექნოლოგიას, რომლის მეშვეობითაც უმჯობესდება ქალაქში განათებების ენერგოეფექტურობა და ის მეტად უფრო კომფორტული ხდება ქალაქის მაცხოვრებელთათვის.

დღესდღეობით ჩვენს ქალაქებში ქუჩების, სკვერებისა თუ სხვა საზოგადო ადგილების გასანათებლად ძირითადად გამოიყენება მოძველებული ტიპის ნათურები (ე.წ. სოდიუმის ნათურები), რომლებიც ენერგო მოხმარების კუთხით ძალიან ხარჯიანია.ასევე დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული მათი მონიტორინგიც, რადგან რიგ შემთხვევებში ქალაქის სათანადო სამსახურებს დაზიანების შესახებ ინფორმაცია დღეების განმავლობაში არ აქვთ და ხშირად მოსახლეობას თავად უწევს ამის შეტყობინება.

გადაწყვეტის აღწერა 

დღეს მოწინავე ქალაქები ზემოთხსენებულ პრობლემებს ჭკვიანი გარე განათების სისტემით წყვეტენ: მოძველებულ ნათურებს ცვლიან LED განათებებით (რა პროცესიც ჩვენთან უკვე დაწყებულია) და დამატებით, განათებასთან ერთად მონტაჟდება მისი სამართავი კონტროლერი და სხვადასხვა სენსორული მოწყობილობები (მაგ.: სინათლისა და მოძრაობის). კონტროლერები იძლევიან საშუალებას მიღებული იყოს ინფორმაცია ნათურების მდოგმარეობის შესახებ და მოხდეს მათი მართვა ინდივიდუალურ დონეზე. თანაც, კონტროლერები მოქმედებენ როგორც ცენტრალური პულტიდან, ასევე განათების და მოძრაობის სენსორებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზეც.

მაგალითისთვის, განათების ჩართვა მოხდება არა კონკრეტულად რომელიღაცა საათზე, არამედ ნათურის გარშემო დაბნელების გარკვეული დონის მიღწევისას, ხოლო მეტი ჩამობნელების კვალდაკვალ კი მოხდება ნათურების სიკაშკაშის მატება. ასევე, გარკვეულ უბნებში გარე განათების ინტენსიურობა მოიმატებს ქუჩაზე მოძრაობის შემთხვევაში და მოიკლებს ასეთის არ არსებობის დროს.

განათების ამგვარად მართვის საშუალებას იძლევა მათი ერთიან რადიოქსელში ჩართვა, რის მეშვეობითაც გაცვლიან მონაცემებს და სპეციალიზირებული პროგრამული პლატფორმა, რომელშიც აწყობილი იქნება ქალაქის განათების სამსახურის მიერ წინასწარ განსაზღვრული გარე განათების ლოგიკები.

გამოყენების სარგებლები

სხვადასხვა ქალაქების მონაცემებზე დაყრდნობით, გარე LED განათების „დაჭკვიანება“ სისტემის ენერგო-ეფექტურობას ზრდის 25% – 30%-ით. ხოლო ტრადიციული ნათურების ჭკვიანი LED განათებით ჩანაცვლება კი საერთოდ 75%-მდე თანხას ზოგავს.

ჭკვიანი განათების სისტემით უზრუნველყოფილი ნათურების არასაჭირო დროს გამორთულობა ან ნაკლები სიკაშკაშე გარდა ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი დანაზოგისა, ასევე ნაკლებ ნახშირორჟანგსაც გამოყოფს და შედეგად ნაკლებად აბინძურებს ჩვენს გარშემო სასუნთქ ჰაერსა და გარემოს.

ასევე მინიმუმამდე დადის ნათურების დაზიანებებისგან შექმნილი დისკომფორტი, ვინაიდან ჭკვიანი განათების სისტემა მუდმივად აკონტროლებს თითოეული ნათურის სტატუსს და დაზიანების თუ სხვა არასტანდარტულ შემთხვევებს დაუყოვნებლივ ატყობინებს ქალაქის სათანადო სამსახურებს. რაც თავის მხრივ, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს სისტემის მომსახურების შრომით დანახარჯებს.

დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირებების გარდა, ჭკვიანი გარე განათების სისტემას მეტი შემოსავლის მოტანაც შეუძლია ქალაქისთვის. ეს მიიღწევა განათების ბოძებზე ციფრული რეკლამირების ახალი შესაძლებლობებით, ელექტრო მანქანებისა თუ სკუტერების დამტენების განთავსებით და სხვა თანამედროვე ინსტრუმენტებით.

პარკირების ჭკვიანი სისტემა

აღნიშნული გადაწყვეტა წარმოადგენს თანამედროვე ქალაქების ერთ-ერთ პასუხს პარკირების პრობლემის შესამცირებლად. იგი ამარტივებს და მეტად კომფორტულს ხდის საპარკინგე ადგილების მოძებნას და მათთან უმოკლესი გზით მისვლას.

დღესდღეობით ქალაქში სულ უფრო პრობლემური ხდება პარკირება. საპარკინგე ადგილის ძიებაში მძღოლები ხარჯავენ უამრავ დროს და ენერგიას, ხშირად აფერხებენ ქალაქში ისედაც გადატვირთულ მოძრაობას და მოიხმარენ ზედმეტ საწვავს, რითიც დამატებით აბინძურებენ გარემოს.

ხშირად მოქალაქეებს ამდენი სიარულის შემდეგაც მანქანის დაყენება სასურველი ადგილიდან შორს უწევთ, ან საერთოდ ვერ ახერხებენ ქუჩაში პარკირებას და ტოვებენ ავტომობილს შეუსაბამო ადგილებში, რაც შემდგომში ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას აფერხებს.

გადაწყვეტის აღწერა

პარკირების ჭკვიანი სისტემა საშუალებას იძლევა მძღოლმა სმარტფონის მეშვეობით მიიღოს ინფორმაცია მანქანის პარკირებისთვის თავისუფალი ადგილის მდებარეობის და მასთან მისვლის ოპტიმალური მარშრუტის შესახებ.

გადაწყვეტილება გულისხმობს პარკირების ადგილებზე მაგნიტური სენსორების განლაგებას, რომლებიც აღიქვამენ საპარკინგე ადგილი დაკავებულია თუ თავისუფალი. აღნიშნული სენსორები უძლებენ მანქანის წონას და აქვთ 10 წლიანი ავტონომიური მუშაობის ვადა. პარკირების სენსორები დაბალი ენერგო მოხმარების რადიო ტექნოლოგიების გამოყენებით გადასცემენ საკუთარი სტატუსის შესახებ სიგნალს მართვის ცენტრში განთავსებულ სპეციალურ პროგრამულ პლატფორმას, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს რუქაზე მათ განთავსებას და მომხმარებლისთვის ოპტიმალური მისასვლელი მარშრუტის შეთავაზებას.

გამოყენების სარგებლები

პარკირების ჭკვიანი სისტემის გამოყენება მნიშვნელოვნად ზოგავს მძღოლის დროს, ენერგიასა და საწვავის ხარჯს. იმავდროულად ამცირებს არასწორ ადგილზე პარკირების გამო მძღოლთა დაჯარიმებას და რაც ასევე მნიშვნელოვანია – იმ მუდმივ სტრესს, რომელიც საპარკინგე ადგილის უშედეგო ძებნას ახლავს თან.

პარკირების ადგილის ოპერატიულად პოვნა ხელს უწყობს ქალაქის ქუჩების ნაკლებად გადატვირთვას და მოძრობის შეფერხებას, რაც რიგ შემთხვევებში თითქმის 20%-ით ამცირებს მავნე გამონაბოლქვით გამოწვეულ ჰაერის დაბინძურებას. ჭკვიანი სისტემა ქალაქის შესაბამისი სამსახურებისთვის ხელმისაწვდომს ხდის პარკირების გამოყენების დეტალურ სტატისტიკას, რისი ადეკვატური ანალიზიც პარკირების მართვის უკეთესი დაგეგმვის საშუალებას იძლევა.

ნარჩენების ჭკვიანი მართვა

თანამედროვე ქალაქების „სიჭკვიანის“ დამადასტურებელ ერთ-ერთი კომპონენტს ნარჩენების კონტეინერების დაცლის სერვისის გაუმჯობესება წარმოადგენს.

საქმე იმაშია, რომ დასუფთავების სამსახურებს არ აქვთ ინფორმაცია ნარჩენების კონტეინერების გავსებულობის შესახებ, სანამ ადგილზე მანქანით მისულები არ ნახავენ კონკრეტულად. შესაბამისად, ნარჩენების ოპტიმალურად გატანა ვერ ხერხდება, ვინაიდან დასუფთავების მანქანები ხან უკვე გადავსებულ კონტეინერებთან მიდიან, ხან კი თითქმის ცარიელის დაცლა უწევთ. ეს ყოველივე კი არაეფექტურია თუნდაც ტყვილა მისვლაში დახარჯული ზედმეტი საწვავის გამო, რომ არაფერი ვთქვათ ზედმეტად წარმოქმნილ საცობებსა თუ მავნე გამონაბოლქვზე. დამატებით აღნიშვნას საჭიროებს მოსახლეობის დისკომფორტი, რომელთაც ხან გადავსებული კონტეინერით გამოწვეული ანტისანიტარია აწუხებს, ხან კი თითქმის ცარიელი კონტეინერის დაცლით გამოწვეული ხმაური და მოძრაობის შეფერხება.

გადაწყვეტის აღწერა

ნარჩენების მართვის ჭკვიანი სისტემა ითვალისწინებს ნაგვის კონტეინერებში სპეციალური სენსორების დამონტაჟებას, რომლებიც აღიქვამენ კონტეინერის სისავსის დონეს. აღნიშნული ინფორმაცია დაბალი ენერგო-მოხმარების რადიოკავშირის ტექნოლოგიით გადაეცემა მართვის ცენტრში განთავსებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აწარმოებს ანალიზსა და გეგმავს ნაგვის მანქანების მოძრაობის ოპტიმალურ მარშრუტებს.

ამ პროგრამული სისტემით სარგებლობა შეუძლია როგორც ცენტრალური სადისპეჩეროს ოპერატორებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე უშუალოდ ნაგვის მანქანის მძღოლებსაც, რომლებიც ავტომობილში დამონტაჟებულ ტაბლეტზე თუ სმარტფონზე იღებენ რუქაზე დატანილ სამოქმედო ინსტრუქციასა და მოძრაობის მარშრუტებს.

გამოყენების სარგებლები

ნარჩენების ჭკვიანი მართვის სისტემის გამოყენებით გენერირებული ოპტიმალური მარშრუტების გამო კონტეინერების დაცლა ხდება დროულად, რაც ამცირებს ზედმეტი გადავსებულობის და ტყუილად დაცლის შემთხვევებს, შედეგად მნიშვნელოვნად იზოგება საწვავისა თუ მომსახურების სხვა დანახარჯები.

ასევე მცირდება მოსახლეობის დისკომფორტი, რადგან ნაგვის მანქანების ოპტიმალური განრიგები ნაკლებად აწუხებთ ხმაურით, გამონაბოლქვით, ანტისანიტარიითა თუ ქუჩების გადატვირთულობით.

    ხმაურის მონიტორინგის ჭკვიანი სისტემა

ქალაქებში მოსახლეობის ზრდასთან ერთად ნელ-ნელა იზრდება ხმაურის პრობლემაც. თანამედროვე ქალაქებში არსებული ხმაური საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის, ამიტომ უმეტეს ქვეყნებში ხმაურის დასაშვები დონე რეგულირდება კანონმდებლობით. მაგალითად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება ექვემდებარება როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირის დაჯარიმებას.

სამწუხაროდ ჩვენთან ჯერჯერობით არ არსებობს ეფექტური გზა ზემოთხსენებული კანონის გასაკონტროლებლად, ვინაიდან ხმაურის გაზომვა ტექნიკური თვალსაზრისით არ არის ეფექტურად უზრუნველყოფილი. ხშირ შემთხვევაში მოსახლეობას თავად უწევს დარღვევის შემთხვევაში პოლიციასთან დაკავშირება და შეტყობინება, ხშირად კი პოლიცია საერთოდ ვერ ახდენს დარღვევის იდენტიფიცირებას.

გადაწყვეტის აღწერა

ქალაქის დასახლებულ პუნქტებში სადაც ხშირია დასაშვებ ნორმაზე მაღალი ხმაურის შემთხვევები, მონტაჟდება ხმის საზომი ჭკვიანი მოწყობილობების სისტემა. მოწყობილობები ერთმანეთის მიყოლებით ერთიანდებიან ხმაურის დონის მონიტორინგის ქსელში და რეალურ დროში ზომავენ ხმაურის მაჩვენებლებს. შესაბამისად, როდესაც ხმაურის მაღალი დონე გარკვეული დროის განმავლობაში გრძელდება, ანუ სახეზეა კანონის დარღვევის შემთხვევა, ხმის მზომი მოწყობილობები რადიოქსელის საშუალებით გადასცემენ კოორდინატებს და ინფორმაციას სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც თავისი მხრივ ახდენს პოლიციის ინფორმირებას.

გამოყენების სარგებლები

სხვადასხვა ჭკვიანი ქალაქების გამოცდილება ადასტურებს რომ ხმაურის დონის მონიტორინგის ჭკვიანი სისტემების დანერგვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხმაურიანი არეალების კონტროლის შესაძლებლობებს. შედეგად ეფექტურად ხორციელდება არა მარტო კანონით დადგენილი ნორმების უზრუნველყოფა და არამედ მცირდება ის დისკომფორტიც, რომელსაც მოსახლეობა განიცდის განსაკუთრებით ღამის საათებში ხმაურის მაღალი დონის გამო.

დამატებით, ხმაურის მონიტორინგის ჭკვიან ქსელებს ეკონომიკური შემოსავლის მოტანაც შეუძლია, ვინაიდან მათი დანერგვისა და ექსპლოატაციის დანახარჯები საკმაოდ მცირეა იმ შემოსავალთან მიმართებაში, რაც სამართალდარღვევების დაფიქსირების შედეგად მიღებული დაჯარიმებული თანხით გროვდება.

ჭკვიანი ავტობუსი

იმისათვის რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეთათვის უფრო მიმზიდველი გახდეს, საჭიროა კომფორტული და ოპერატიული მგზავრობა, თანაც შეძლებისდაგვარად მცირე დანახარჯებით. ჭკვიანი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტობუსი ამ კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

ავტობუსში კონკრეტულ მომენტში მყოფ მგზავრთა რაოდენობა რთული დასადგენია, შესაბამისად ავტობუსების გამოსვლის დრო განპირობებულია მხოლოდ წინასწარი ვარაუდით, თუ როდის იქნება მგზავრთა ყველაზე დიდი მიმოდინება. ამას გარდა, არცთუ ისე ეფექტურია ავტობუსებში უბილეთო მგზავრთა გამოვლენის მექანიზმიც, რომელიც ასეთი მგზავრების დადგენა-დაჯარიმებას შემთხვევითობის პრინციპით აწარმოებს, ამისთვის გამოყოფილი „კონტროლიორების“ მეშვეობით.

ამასგარდა, ავტობუსების ნაკლებად ოპტიმიზირებული მოძრაობა სამოქალაქო ტრანსპორტის პოპულარულობას ამცირებს, შედეგად ქალაქში ჩნდება ტენდენცია როცა ყველას საკუთარი მანქანით უწევს მოძრაობა, რაც კიდევ მეტად ტვირთავს გზებს და აჩენს საცობებს.

გადაწყვეტის აღწერა

ჭკვიანი ავტობუსების კარებებზე ყენდება სპეციალური სენსორები, რომლებიც კომპიუტერული ხედვის მექანიზმის მეშვეობით აღიქვამენ მგზავრების ავტობუსში ასვლა-ჩამოსვლას. ამ სენსორების მეშვეობით აღირიცხება როგორც დღის განმავლობაში ავტობუსით გადაადგილებული მგზავრების რაოდენობა, ასევე კონკრეტულ მომენტში მასში მყოფი მგზავრთა რიცხვი. აღნიშნული ინფორმაცია რადიოქსელების საშუალებით გადაეცემა ცენტრალურ სერვერს, სადაც განთავსებული პროგრამული პლატფორმა უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ანალიზს და შესაბამის ინფორმაციას ხელმისაწვდომს ხდის მგზავრებისთვის თუ სატრანსპორტო სერვისის განმახორციელებელი კომპანიისთვის.

გამოყენების სარგებლები

ჭკვიანი ავტობუსი სასარგებლოა ბევრ ასპექტში. მაგალითად, ავტობუსის მომლოდინე მგზავრთა ჯგუფს ეძლევა შესაძლებლობა სმარტფონების აპლიკაციის მეშვეობით ნახოს სასურველი ნომრის მომავალ ავტობუსში თავისუფალი ადგილების რაოდენობა – ეგება სავსეა და ტყუილუბრალოთ მის ლოდინზე დროის კარგვას ურჩევნიათ გადაადგილების სხვა საშუალებას მიმართონ?

სატრანსპორტო სერვისის კომპანიას შესაძლებლობა უჩნდება მიიღოს მრავალფეროვანი ანალიტიკური ინფორმაცია, მაგალითად: კონკრეტულ ავტობუსში გადაადგილებულ მგზავრთა რაოდენობის თანაფარდობა მასში გაყიდული ბილეთების რაოდენობასთან, რაც ერთგვარი ეფექტიანობის მაჩვენებელია. ასევე საშუალება ჩნდება გამოვლინდეს სხვადასხვა დარღვევები ან ანომალიები – თუნდაც ის მონაკვეთები, რომელზეც ყველაზე მაღალია უბილეთო მგზავრთა რაოდენობა და შესაბამისად მათზე მოხდეს „კონტროლიორების“ ყურადღების გამახვილება.

რეალურ დროში მონიტორინგის მეშვეობით დამატებით შესაძლებელია ავტობუსების განრიგი დღის გარკვეულ მონაკვეთში დინამიურად შეიცვალოს მასში მგზავრთა რაოდენობიდან გამომდინარე, რათა გამოირიცხოს ავტობუსების ზედმეტად გადავსება ან პირიქით – ცარიელი სიარული.