მევენახეობა სოფლის მეურნეობის ერთ ერთი წამყვანი და ჯერ ისევ განვითარებადი დარგია. ის საჭიროებს დელიკატურ ყურადღებას, მათ შორის საქართველოში არსებული იშვიათი ჯიშების გამრავლება-მოყვანისთვის. მევენახეობის დარგში ბოლო დრომდე შეუძლებელი იყო კონკრეტულ მიკროზონებში მიკროკლიმატის ზუსტი პროგნოზირება, ვინაიდან ძირითადათ კლიმატის პროგნოზი ხდებოდა მხოლოდ სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის თუ სხვა გლობალური აპლიკაციების მონაცემების საფუძველზე.

ასევე სირთულეს წარმოადგენს ნიადაგის მდგომარეობის დეტალური ანალიზი, რაც დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. ნიადაგის ქიმიურ შემადგენლობაზე დროული ინფორმაციის არ ქონა, ისევე როგორც არაზუსტი ამინდის პროგნოზი, ართულებს მცენარის დაავადებების პრევენციას და მიღებული პროდუქტის ხარისხზე თუ რაოდენობაზე უარყოფითად ისახება. ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, დარგის უკეთ განვითარებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებად გვევლინება.

გადაწყვეტის აღწერა

დღევანდელ დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა მოვიპოვოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ვენახის მოვლისთვის არის საჭირო. „ჭკვიანი მევენახეობის“ სისტემა იგება ნივთების ინტერნეტზე (IoT), რომელშიც სხვადასხვა ტიპის სენსორების და დაბალი ენერგომოხმარების რადიოქსელის გამოყენებით, ხორციელდება სასურველი მონაცემების დადგენა და სპეციალურ ღრუბლოვან პლატფორმაზე გადაცემა.

აღნიშნული მონაცემები მევენახეს საშუალებას აძლევს დისტანციურად მოიპოვოს კონკრეტული მიკროზონის ამინდის ზუსტი პროგნოზი, დროის ნებისმიერ მომენტში აკონტროლოს ვენახის ტერიტორიაზე ნიადაგის სიმშრალე და ქიმიური შემადგენლობა, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები. ჭკვიანი მევენახეობის სისტემაში გამოყენებული სენსორების უმეტესობა მოიხმარს იმდენად ცოტა ენერგიას რომ 3 წელიწადზე მეტ ხანს ძლებს სტანდარტული ელემენტების გამოყენებით.

დამატებით მნიშვნელოვანია, რომ შეგროვებული მონაცემები ღრუბლოვანი პლატფორმის მეშვეობით ინტეგრირდება საექსპერტო ანალიტიკურ პროგრამულ სისტემასთან, რომელიც მიღებული ინფორმაციისა და მევენახეობის სფეროში დაგროვებული მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით კონკრეტული მევენახისთვის აგენერირებს ვენახის მოვლასთან დაკავშირებულ სამოქმედო რეკომენდაციებსა და რჩევებს.

გამოყენების სარგებლები

ამინდის, ფოთლის ნესტიანობის და ნიადაგში ქიმიური შემადგელობის შესახებ ინფორმაციის პერიოდული ავტომატური მიღება საშუალებას იძლევა მოხდეს ვენახის დაავადებებისა და პარაზიტების გავრცელების პროგნოზირება. საექსპერტო რეკომენდაციებით სარგებლობა და ვენახის მოვლის გრაფიკის შესაბამისად განსაზღვრა კი მაღალი მოსავლიანობისა და საუკეთესო ხარისხის პროდუქტის მიღების საწინდარია.

მსხვილი მევენახეობებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მცირდება ნიადაგის ხარისხის გამოკვლევაზე და მისი მდგომარეობის სხვადასხვა პარამეტრების მონიტორინგზე გასაწევი დროითი და ფინანსური დანახარჯები, რაც საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და საბოლოო ჯამში ფინანსური მომგებიანობის ზრდას უწყობს ხელს.