ჭკვიანი მრიცხველების ინფრასტრუქტურა (AMI – Advanced Metering Infrastructure) წარმოადგენს ავტომატური, ორმხრივი კომუნიკაციის არქიტექტურას კომუნალური მომსახურების ოპერატორსა და მოხმარების წერტილში არსებულ მრიცხველებს შორის, იმ მიზნით, რომ სერვისების გამწევი კომპანია რეალურ დროში მოამარაგოს მოხმარებული რესურსების შესახებ მონაცემებით. როგორც წესი, მსგავსი სისტემები გამოიყენება გაზის, წყლის და ელექტროენერგიის დისტრიბუტორი კომპანიების მიერ საბოლოო მომხმარებელზე (კერძო აბონენტი, ოფისი თუ მსხვილი საწარმო) მიწოდებული რესურსების აღსარიცხავად.

თავად მრიცხველის “სიჭკვიანე” იმაში გამოიხატება, რომ მას გააჩნია IP მისამართი და ინტეგრირებული ტექნოლოგიების მეშვეობით ავტონომიურ რეჟიმში შეუძლია მითითებულ დროის შუალედებში გაზომოს, დაითვალოს, შეინახოს და გადასცეს მონაცემები ოპერატორის გამოთვლით ცენტრში ან ატვირთოს რომელიმე ღრუბლოვან პლატფორმაზე. სადაც უკვე მრიცხველების მონაცემთა მართვის  სპეციალიზირებული პროგრამული აპლიკაციის მეშვეობით ხორციელდება მოხმარებული რესურსების შესახებ მონაცემების დამუშავება და როგორც აბონენტებისთვის შესაბამისი გადასახადის დარიცხვა, ასევე მონაცემთა ანალიზი მოხმარების სტატისტიკის, სპეციფიკის, გადახრების, ანომალიებისა თუ სხვა ოპერატორისთვის სასურველი ფაქტების შესახებ.

ნექსი ტექი კომუნალური მომსახურების ოპერატორებს სთავაზობს ჭკვიანი მრიცხველებისა და ნივთების ინტერნეტის ტექნოლოგიებზე დამყარებულ გადაწყვეტებსა და სერვისებს, რომელთა გამოყენებაც მათ შესაძლებლობას მისცემთ რეალურ დროში აკონტროლონ შეძენილი თუ დახარჯული რესურსების მოცულობები, ოპერატიულად მიიღონ სასურველი ანალიტიკური ინფორმაცია და მეტი ფინანსური ეფექტიანობით მართონ აბონენტების მომსახურება. ამავდროულად, მათ ეძლევათ შესაძლებლობა გაზარდონ საკუთარი მომხმარებლების კმაყოფილება, მათთვის უფრო კომფორტული და ოპერატიული სერვისების მიწოდების მეშვეობით.

ქვემოთ მოყვანილია ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის კომუნალური მომსახურების შემთხვევაში ჭკვიანი მრიცხველების ინფრასტრუქტურის გამოყენების სპეციფიკისა და სარგებლიანობის შესახებ, თუმცა ჩვენი კომპანიის შეთავაზებების პორტფელი არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ სისტემებით და ბევრად უფრო ფართო ამოცანების გადაწყვეტის შესაძლებლობას აძლევს ოპერატორებს როგორც აბონენტების მომსახურების, ასევე რესურსების მოპოვების, გადაცემისა თუ დისტრიბუციის ნაწილში. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან განიხილონ თქვენს წინაშე მდგომი ამოცანები და ერთობლივი ძალებით მივაგნოთ იმ თანამედროვე, თუმცა ქართული რეალობისთვის ადაპტირებულ ტექნოლოგიებსა და სერვისებს, რაც საუკეთესო პასუხი იქნებოდა თქვენს წინაშე მდგომი გამოწვევებისთვის.

ჭკვიანი მრიცხველები და ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურა

დღეს საქართველოში მოხმარებული ბუნებრივი აირის გაზომვა უმეტესწილად ხორციელდება მოძველებული მეთოდით, როდესაც ოპერატორი კომპანიის თანამშრომელი (ე.წ. ინკასატორი) ფიზიკურად მიდის მრიცხველებთან რათა აიღოს ანათვალი. ამგვარი მუშაობის პრინციპი კომპანიისთვის არა მარტო უამრავ ხარჯთან არის დაკავშრიებული არამედ რთულია სამართავად, არაოპერატიულია და ნაკლებად ზუსტიცაა – ხშირი ადამიანური შეცდომების ან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ინკასატორს მობინადრე შინ არ დახვდა და ანათვალი მოგვიანებით მას ან გამართული სატელეფონო საუბრის მეშვეობით ჩაინიშნა.

გადაწყვეტების აღწერა

ზემოთხსენებული სირთულეების გადაწყვეტა ითვალისწინებს ჩვეულებრივი მრიცხველების ჩანაცვლებას ჭკვიანი მრიცხველებით (Smart Meter), რათა ანათვალის აღება და მონაცემების ოპერატორის სისტემაში ატვირთვა მოხდეს ავტონომიურად და ავტომატურად.

ჭკვიანი მრიცხველი აფიქსირებს გამოყენებული რესურსის რაოდენობას და რადიო მოდულით გადასცემს მონაცემებს სპეციალური ქსელის მეშვეობით ოპერატორი კომპანიის მონაცემთა ცენტრს, ან სპეციალიზირებულ ღრუბლოვან პლატფორმას.  ყოველივე ეს  საშუალებას იძლევა, რომ არამარტო ოპერატორს ჰქონდეს ზუსტი და მუდმივად განახლებული ინფორმაცია, არამედ თავად აბონენტსაც მიუწვდებოდეს ხელი მის მიერ მოხმარებული რესურსების მაჩვენებლებზე და საკუთარი დავალიანების რეალურ დროში კონტროლზე. დამატებით, მას უჩნდება საბანკო ანგარიშებზე მიბმისა და ავტომატური გადახდის უფრო მოქნილი შესაძლებლობები.

თანამედროვე ტექნოლოგიები კომერციული ოპერატორისთვის ბევრად მეტ საშუალებას იძლევა ვიდრე უბრალოთ მომხმარებელთან დამონტაჟებული ჭკვიანი მრიცხველია. დღეს IoT სისტემების მეშვეობით უზრუნველყოფილი კომუნიკაციები და მონაცემები აჩენენ ახალ შესაძლებლობებს და ქმნიან ბუნებრივი აირის ჭკვიან ინფრასტრუქტურას. სხვადასხვა ტიპის სენსორებისა და ანალიტიკური პროგრამული აპლიკაციების მეშვეობით, მსგავსი სისტემები ეხმარება ბუნებრივი აირის ოპერატორ კომპანიებს უკეთ გაართვან თავი ისეთ გამოწვევებს, როგორებიცაა:

წნევის მაჩვენებლების მონიტორინგი აირის გამტარ მილებში, დისტანციური ოპერირება, მოშორებული ჩართვა-გამორთვა, მილების ინფრასტრუქტურაში კოროზიის კონტროლი და უსაფრთხოების გაზრდა ახალი სენსორული ტექნოლოგიების გამოყენებით.

გამოყენების სარგებლები

ჭკვიანი მრიცხველების გამოყენებით ოპერატორ კომპანიას ანათვალების ასაღებად დასჭირდება ნაკლები ადამიანური რესურსი და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული თუ მატერიალური დანახარჯები. ამას გარდა, მკვეთრად იზრდება მონაცემთა აღების სიზუსტე და თავისთავად ოპერატიულობა, ახლა უკვე აბონენტების მიმდინარე დავალიანების სტატუსის განახლება ყოველ საათობრივად ხელმისაწვდომია.

დამატებით, თანამედროვე სისტემების ანალიტიკური შესაძლებლობები ამარტივებენ არაკეთილსინდისიერი აბონენტების მიერ ბუნებრივი აირის კანონდარღვევით მითვისების შემთხვევების გამოვლენას. ხოლო რაც შეეხება კეთილსინდისიერ აბონენტებს – კვლევებმა აჩვენა რომ ჭკვიანი მრიცხველების გამოყენების შემთხვევაში მათი 80%-ზე მეტი გამოთქვამს კმაყოფილებას, ვინაიდან სპეციალური აპლიკაციების მეშვეობით ახერხებენ თავიანთი დანახარჯების კონტროლს.

საბოლოოდ, ჩვენს მიერ ზემოთმოყვანილი და კიდევ სხვა თანამედროვე გადაწყვეტები ხელს უწყობს ბუნებრივი აირის ოპერატორ კომპანიებს გაზარდონ საოპერაციო მომგებიანობა, უზრუნველყონ უკეთესი ხარისხის მომსახურება და აამაღლონ საკუთარი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება.

ჭკვიანი მრიცხველები და ელექტროგადაცემის ქსელი

ელექტრო მრიცხველიდან ანათვალის ასაღებად უმეტესწილად საჭიროა ოპერატორი კომპანიის თანამშრომელი (ე.წ. ინკასატორი) ფიზიკურად მივიდეს აბონენტთან დამონტაჟებულ მრიცხვლთან, რაც დღევანდელ დღეს ერთგვარად მოძველებული მიდგომაა. მსგავსი პროცესი ხშირად დაკავშირებულია ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ შეცდომებთან თუ უფლებამოსილების გადაცდომებთან, მონაცემთა ამგვარი შეგროვება არაოპერატიულია და მთლიანობაში ძვირიცაა და რთულად სამართავიც.

ასევე რთულადსამართავია ელექტროგადაცემისა და დისტრიბუციის ოპერატორების სარგებლობაში არსებული ქსელები, რომლებიც მეტწილად წინა საუკუნის ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და აწ უკვე მოძველებული მოწყობის პრინციპებზეა აგებული. ამიტომაც მათი ოპერირება უამრავ პრობლემასთან თუ გამოწვევასთანაა დაკავშირებული.

გადაწყვეტების აღწერა

დღეს ძალიან მაღალი ტემპით იზრდება ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების და მათი მეშვეობით უზრუნველყოფილი მონაცემთა გადაცემის ინფრასტრუქტურების დანერგვის პროექტების რაოდენობა ელექტროგადაცემისა და დისტრიბუციის ოპერატორ კომპანიებში. ინტეგრირებული ტექნოლოგიების მეშვეობით ჭკვიან მრიცხველს ავტონომიურ რეჟიმში შეუძლია მითითებული დროის შუალედებში გაზომოს, დაითვალოს, შეინახოს და გადასცეს მოხმარებული ელექტროენერგიის შესახებ ზუსტი მონაცემები ოპერატორი კომპანიის გამოთვლით ცენტრში.

თუმცა სააბონენტო ჭკვიანი მრიცხველი მხოლოდ ერთი კომპონენტია და დღეს არსებულ ენერგოქსელებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენება იწვევს მათ ჭკვიან ქსელებად ტრანსფორმირებას (ე.წ. Smart Grid). ტრადიციულ ელექტროგადაცემის ქსელის ინფრასტრუქტურას ძირითადათ ქმნიან ტრანსფორმატორები და ელექტროგადამცემი ხაზები. მაგრამ ჭკვიანი ქსელი ამის გარდა მოიცავს სხვადასხვა ტიპის სენსორებს, ჭკვიანი მრიცხველებს და მონაცემთა მიმოცვლის კომპლექსურ საკომუნიკაციო ქსელებს. ამას დამატებული მრავალფეროვანი სპეციალიზირებული პროგრამული აპლიკაციები და ანალიტიკური სისტემები უზრუნველყოფენ ელექტროგადაცემის ქსელის მართვის ახალ, უმაღლეს საფეხურზე აყვანას. ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით ოპერატორ კომპანიას უკვე გაცილებით მეტი კონტროლის საშუალებები აქვს და რეალურ დროში შეუძლია სისტემის უდიდესი ნაწილის მონიტორინგი და მართვა.

გამოყენების სარგებლები

ჭკვიანი მრიცხველების ინფრასტრუქტურის დანერგვის შედეგად ელექტროგადაცემისა და დისტრიბუციის ოპერატორი კომპანიები მოახერხებენ მოხმარების შესახებ უფრო ზუსტი მონაცემების ოპერატიულად მიღებას და იმავდროულად მოახდენენ ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციასა და მათთან დაკავშირებული მართვისა თუ სხვა დანახარჯების რადიკალურად შემცირებას. ამასგარდა, ქსელის დაჭკვიანება დამატებით აჩენს უამრავ უპირატესობასა და ახალ შესაძლებლობებს. მაგალითად, დღევანდელ დღეს როდესაც ელექტროსისტემაში რაღაც არასწორად ხდება, ოპერატორი კომპანიის სპეციალისტები პრობლემის გადასაჭრელად, უმეტეს შემთხვევაში, ფიზიკურად უნდა გაემგზავრონ და ადგილზე გაეცნონ სიტუაციას, მიიღონ საჭირო მონაცემები და ინფორმაცია. ის გაუმჯობესებები კი, რასაც ჭკვიანი ქსელი იძლევა, ზემოაღნიშნულ ინციდენტებსა და მოვლენებს აქცევს მყისიერად ამოღებად ციფრულ ინფორმაციად, რაც რეალურ დროშია ხელმისაწვდომი ოპერატორი კომპანიის სპეციალისტებისთვის და ხშირად პრობლემის დაუყოვნებლივად გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა.

ჭკვიანი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა

ისევე როგორც ბუნებრივი აირისა და ელექტრომომარაგების შემთხვევებში, წყლის მომწოდებელი ოპერატორებიც დღევანდელ საქართველოში მეტწილად მოძველებული ტიპის მრიცხველებს იყენებენ მოხმარებული წყლის მოცულობისა და შესაბამისად საკუთარი მომსახურების საფასურის დასადგენად. არადა აღრიცხვიანობის ტრადიციული მეთოდები არაოპერატიულია, ნაკლებად ზუსტია, რთულია სამართავად და შედეგად დაბალეფექტურია საოპერაციო თუ ფინანსური თვალსაზრისით.

მართალია, სასმელი წყლის მომწოდებელი ოპერატორის მთავარი ფუნქციაა, რომ უსაფრთხოების აღიარებული სტანდარტების შესაბამისად მოახდინოს წყლის გასუფთავება და საიმედოდ უზრუნველყოს მისი საბოლოო მომხმარებლამდე მდგრადი ხარისხით, რაოდენობითა და წნევით მიწოდება. მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესში უზრუნველყოს საკუთარი საოპერაციო ეფექტიანობა, რამეთუ მყარი ფინანსური მომგებიანობის გარეშე ძალიან გაუჭირდება ზემოთმოყვანილი ფუნქციების ხარისხიანად შესრულება.

გადაწყვეტების აღწერა

ჭკვიანი წყლის მრიცხველი წარმოადგენს საკვანძო კომპონენტს ზემოთხსენებული სირთულეების თავიდან ასარიდებლად. ტრადიციული მრიცხველებისგან განსხვავებით ის არ მოითხოვს ოპერატორი კომპანიის თანამშრომლის ფიზიკურად მისვლას და ანათვალის ისე აღებას, არამედ თავად აფიქსირებს გასაზომ მონაცემებს და დადგენილი პერიოდულობით აგზავნის მათ ოპერატორის კომპიუტერულ სისტემაში.

მიუხედავათ თავის მნიშვნელოვანი ფუნქციისა, ჭკვიანი მრიცხველი არაა ერთადერთი კომპონენტი ოპერატორების არსენალში და სულ უფრო მატულობს წყალმომარაგების კომპანიების მიერ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით საკუთარი ქსელის ჭკვიანი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურად ტრანსფორმირება.

ეს “ჭკვიანი ინფრასტრუქტურა” მოიცავს ისეთ კომპონენტებს როგორებიცაა: ჭკვიანი მრიცხველები, სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების სენსორები, მონაცემთა გადაცემის ფიქსირებული და რადიო ქსელები, სპეციალიზირებული პროგრამული პლატფორმები და მონაცემთა ანალიზის აპლიკაციები.

თუმცა, წარმატებისთვის ასევე მნიშვნელოვანია აბონენტის მხარეც და შესაბამისად ოპერატორსა და მომხმარებელს შორის ისეთი ტიპის ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა, როგორებიცაა მოხმარებული წყლის მოცულობა, სერვისის საფასურის დარიცხვა, თანხის მიღების დასტური თუ მომსახურების ხელმისაწვდომობა. ყოველივე ეს ჭკვიან ინფრასტრუქტურასთან ერთად წარმოადგენს ოპერატორის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტებს.

გამოყენების სარგებლები 

საერთაშორისო კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ გამოკითხულ ოპერატორთა უდიდესი ნაწილი ადასტურებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ადაპტაცია და ქსელის ჭკვიანი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურად ტრანსფორმაცია უმაღლესი პრიორიტეტის ამოცანებია მათი ბიზნესის განვითარების სტრატეგიაში.

ეს თუნდაც იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჭკვიანი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა უწყვეტად გაკონტროლდეს პროცესის სხვადასხვა კომპონენტები წყალმომარაგების ფუნქციონირების ყველა საფეხურზე: წყალსაცავებში, სატუმბო სადგურებში, წყლის გამწმენდ ნაგებობებში, მილსადენებში და საკანალიზაციო სისტემებში.

რასაკვირველია, ყველა ოპერატორი ერთნაირ სიტუაციაში არ იმყოფება და ზოგს შემოსავლის არ მომტანი წყლის დანახარჯების შემცირება ადარდებს მეტად, ზოგს მიწოდებული წყლის ხარისხის გაუმჯობესება, ზოგს კი სულაც მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის მინიმიზაცია. მაგრამ, რაც დანამდვილებით შეუძლია ჭკვიანი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, არის ის რომ აღჭურვოს ოპერატორი რეალურ დროში მონიტორინგის შესაძლებლობებით და თუნდაც ამით, მნიშვნელოვნად დაეხმაროს მის წინაშე მდგომი გამოწვევებისა თუ პრობლემების დაძლევაში.